ესპანეთის პრემიერი ბარსელონაში მომხდარ არეულობაზე: ნულოვანი ტოლერანტობა მოძალადეებს და სრული მხარდაჭერა სამართალდამცველებსა და მეწარმეებს
მსოფლიო

AFP
ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ, პედრო სანჩესმა გასულ შაბათს ბარსელონაში მომხდარი არეულობა მკაცრად გააკრიტიკა, მას „წმინდა წყლის ვანდალიზმი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოძალადეების მიმართ „ნულოვან ტოლერანტობას“ გამოიჩენს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ძალადობრივი აქციები დემოკრატიის გამოვლინება არ არის და დასძინა, რომ არეულობა სოციალური ქსელებიდან იყო ორგანიზებული და წაქეზებული.
„ნულოვანი ტოლერანტობა მოძალადეებს და სრული მხარდაჭერა სამართალდამცველებსა და მეწარმეებს“, - დასძინა მან.
სანჩესის მიერ დაგმობილ ძალადობრივ პროტესტს სამართალდამცველების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, პოლიციამ სულ 130 პირი დააკავა.
ყველაზე საყურადღებო ის ფაქტია, რომ დაკავებულთა ნახევარზე მეტი არასრულწლოვანია.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფო მტკიცედ იმოქმედებს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და ძალადობრივ ქმედებებს არავის აპატიებს.





