მარკო რუბიო ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე: აქ წარმოდგენილ თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი გამორჩეული კულტურა, ინტერესები და უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედი
მსოფლიო

ფოტო: AP
ვაშინგტონი ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას გეგმავს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უზბეკეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. გამართულ მინისტერიალზე, განხილვის მთავარი თემები ვაჭრობა, ინვესტიციები და რეგიონული სატრანსპორტო კავშირები იყო. რუბიომ აღნიშნა, რომ ცენტრალური აზია ინვესტიციებისა და ექსპორტისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი მიმართულება ხდება.
„ცენტრალური აზია წარმოადგენს ინვესტიციებისა და ექსპორტის ახალ მიმართულებას - ერთგვარ ცენტრალურ კვანძს, რომლის მეშვეობითაც ქვეყნებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსები მიეწოდება. პრეზიდენტი ტრამპი და თქვენი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ ისეთი პირობების შექმნაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაფართოებასა და ინვესტიციების შემოდინებას. ჩვენი მიზანია ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ჩვენს პარტნიორებს გაუადვილებს წვდომას როგორც შეერთებული შტატების, ისე ცენტრალური აზიის ბაზრებზე. ამ ჯგუფს აქვს შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს პარტნიორობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს საშუალებას მისცემს მიაღწიოს ზრდის ისეთ დონეს, როგორიც ბოლო პერიოდში არ ყოფილა. ყველა სახელმწიფო, რომელიც ამ კვირაში აქ არის წარმოდგენილი, უნიკალური, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი გამორჩეული კულტურა, ინტერესები და უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედი“, - განაცხადა რუბიომ.





