„პროტესტის გამოხატვა უფლებაა. ჩვენი ქალაქების გადაწვა - არა“ - ჯორჯია მელონი მილანში დემონსტრანტების მიერ გამოწვეულ ძალადობას გმობს
მსოფლიო

ფოტო: AP
მილანის ცენტრში, საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, მაღაზიები გაძარცვეს და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. ამის გამო დუომოს მოედანი და ძვირადღირებული სავაჭრო გალერეა, რომლებიც ჩვეულებრივ მყიდველებითაა სავსე, დაცარიელდა.
ომისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ მიმართული მსვლელობა მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა ნიღბიანმა დემონსტრანტებმა საპოლიციო ძალებს ქვები, გზის ფილები და სხვა საგნები დაუშინეს, ბარების მაგიდებისგან აგებულ ბარიკადებს კი ცეცხლი წაუკიდეს.
პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. სააგენტო LaPresse-ს ცნობით, დაშავდა სულ მცირე ორი პოლიციელი და დაკავებულია დაახლოებით 50 დემონსტრანტი, მათ შორის ბევრი არასრულწლოვანია.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მომხდარი ძალადობა დაგმო. „პროტესტის გამოხატვა უფლებაა. ჩვენი ქალაქების გადაწვა - არა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ „ხულიგნები დემონსტრაციებს ქაოსის დასათესად, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებზე თავდასხმისა და მთელი ქალაქების მძევლად ასაყვანად იყენებენ“.





