დანიის პრემიერ-მინისტრი: უკრაინას ფული უმთავრდება
მსოფლიო

მეტე ფრედერიქსენი
ფოტო: Getty Images
დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, უკრაინას ფული უმთავრდება და ევროპის მხრიდან საუკეთესო მხარდაჭერა, გაყინული რუსული აქტივების გამოყენება იქნებოდა.
აღნიშნული განცხადება ფრედერიქსენმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე გააკეთა.
„ომის წარმოება ძვირი ჯდება... ახლა უკრაინას ფული უმთავრდება. ეს უკვე მოხდა. მათ არ შეუძლიათ იმის ყიდვა, რაც სჭირდებათ. მათ არ შეუძლიათ იმის წარმოება, რაც სჭირდებათ“, - განაცხადა ფრედერიქსენმა.
დანიის მთავრობის თავმჯდომარემ აგრეთვე დასძინა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინაზე გახშირდა.
„შესაბამისად, გვაქვს გადაუდებელი პრობლემა, თუ როგორ ვიპოვოთ დაფინანსება 2026 წელს ევროპულ დონეზე. უნდა უზრუნველვყოთ, რომ 2027 წელს ომის ძალისხმევის გასაგრძელებლად ევროპულ დონეზე საკმარისი ფინანსური რესურსი იყოს. სწორედ ამ საკითხს დავაყენებ შეხვედრაზე“, - განაცხადა ფრედერიქსენმა.
მან პირობა დადო, რომ დანია „კვლავ გააგრძელებს ყველა იმ დახმარების გაწევას, რის შესაძლებლობაც ექნება“.
კითხვაზე, საიდან შეიძლება მოიძებნოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება, ფრედერიქსენმა ხაზი გაუსვა, რომ „ყველაზე აშკარა წყარო, რომელსაც უნდა მივმართოთ, გაყინული აქტივებია“.





