ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი რუსეთის ნავთობგადამამაუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს განაახლებს.
„[ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების] შეზღუდვა მოხსნილია. საკმარისია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ აქტიურად მოუწოდებდა. აშშ-ის პოზიციის მიხედვით, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე მორატორიუმი და მოსკოვთან შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც აშშ რუსეთისგან ასობით ათას ტონა დიზელის საწვავს შეიძენს, ამერიკაში საწვავის ფასების შემცირებისთვის აუცილებელია.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ აშშ-ის მოთხოვნის შესასრულებლად ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები სამი დღით შეაჩერა, თუმცა რუსეთი ამ პერიოდში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აგრძელებდა და მშვიდობიან მოსახლეობას კლავდა. მისი განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში რუსულ თავდასხმებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დარტყმების დროებით შეჩერების მიუხედავად, უკრაინელ სამხედროებს აშშ-გან ბალისტიკური რაკეტების მოახლოების შესახებ ადრეული გაფრთხილებები აღარ მიეწოდებოდათ. ამასთან, ილონ მასკის კომპანია Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო მომსახურება მთელ ქვეყანაში შეიზღუდა, რამაც ფრონტის ხაზზე ოპერაციები და რუსეთის სამხედრო ობიექტებზე საშუალო მანძილიდან დარტყმები გაართულა.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებს ამერიკელმა კოლეგებმა უთხრეს, რომ თუ კიევი ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს არ შეწყვეტდა, ვაშინგტონი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას შეუწყვეტდა. მოგვიანებით კიევისთვის ეს გადაწყვეტილება ტექნიკურ შეფერხებად წარმოადგინეს.
„ეს ტექნიკური პრობლემა არ ყოფილა, ეს სურვილი იყო“, - განაცხადა ზელენსკიმ და უარყო მოსაზრება, რომ Starlink-ის სისტემის შეფერხება ტექნიკური გაუმართაობით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული.





