ლატვიის პრემიერ-მინისტრი: ამჟამად ლატვიას არ შეუძლია სრულად აკრძალოს რუსული მარცვლეულის ტრანზიტი
მსოფლიო

Reuters
ამჟამად ლატვიას არ შეუძლია სრულად აკრძალოს რუსული მარცვლეულის ტრანზიტი, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ლატვიის ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა, ასეთი ტრანზიტისთვის რკინიგზის ინფრასტრუქტურით სარგებლობის საფასური 300%-ით გაზარდოს.
„ძირითადი პრობლემა ის გახლავთ, რომ ევროკავშირს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება საკითხებში, რომლებიც ეხება როგორც ტარიფებს, ასევე ტრანზიტს. ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ეს კონკრეტულ რისკებთან არის დაკავშირებული“, - ციტირებს ლატვიის მთავრობის მეთაურის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი LSM.
ლატვიას, ესტონეთისგან განსხვავებით, აქვს სახელშეკრულებო ვალდებულება 300 000 ტონა რუსული მარცვლეულის გადაზიდვაზე. ამასთან, ამ ეტაპზე მარცვლეული რუსეთიდან, რომელიც აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, არ ექვემდებარება რაიმე სანქციების მოქმედებას.
ფაქტობრივად, ექსპორტირებული მარცვლეული ეკუთვნის არა რუსეთს, არამედ ლატვიის სტრატეგიულ პარტნიორებს - აშშ-ს, შვეიცარიასა და იაპონიას.
„სწორედ ისინი ყიდულობენ ამ მარცვლეულს - მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციები“, - განმარტა პოლიტიკოსმა.





