Reuters: ამერიკელი რეპერის 2Pac შაკურის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მსოფლიო

დუეინ დევისი
ფოტო: Reuters
აშშ-ში ბანდის ყოფილ ლიდერს დუეინ დევისს 1996 წელს რეპერის 2Pac შაკურის მკვლელობის ორგანიზებისთვის 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამით დასრულდა ათწლეულების განმავლობაში გაუხსნელი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რეპ-მუსიკის „ოქროს ხანაზე“.
63 წლის დუეინ დევისი, მეტსახელად „კიფი დი“, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აგვისტოში პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. სამშაბათს ლას-ვეგასის სასამართლოში გამართულ ერთსაათიან სხდომაზე მას ორი 20-წლიანი სასჯელი მიესაჯა - ერთი მკვლელობისთვის, მეორე კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისთვის.
დევისის ადვოკატმა მაიკლ სანფტმა განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.
2023 წლამდე, დევისის დაკავებამდე 2Pac შაკურის მკვლელობა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გაუხსნელ დანაშაულად რჩებოდა. რეპერი 1996 წელს ლას-ვეგასში მოკლეს. მას ესროლეს მანქანაში, რომლის საჭესთანაც მისი მუსიკალური ლეიბლის ხელმძღვანელი მარიონ „სიუჯ“ ნაითი იჯდა.
შაკურს ოთხი ტყვია მოხვდა. ის ექვსი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნაიტმა თავის არეში ტყვიის ფრაგმენტის მოხვედრის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო. ამჟამად ის სხვა საქმეზე, გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის 28-წლიან სასჯელს იხდის.





