„ენერგეტიკული ზავის“ მიუხედავად, უკრაინაში რუსეთის მიერ დარტყმების შესახებ იუწყებიან
მსოფლიო

ფოტო: Facebook
დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავის“ მიუხედავად, რუსეთმა უკრაინაზე დარტყმები განაგრძო. 12 ოქტომბრის ღამეს რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზე მიიტანა იერიში. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი. აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა დააზიანა დაახლოებით 15 კერძო და ერთი მრავალბინიანი სახლი, აგრეთვე ელექტროქსელები, რის გამოც რამდენიმე ქუჩა უშუქოდ დარჩა და შეიქმნა ინტერნეტთან კავშირის პრობლემები. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის წინააღმდეგ „ბანდეროლის“ ტიპის რაკეტა გამოიყენა.
11 ოქტომბრის საღამოს ივანო-ფრანკოვსკზე რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა. „სუსპილნეს“ ცნობით, დაზიანებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, კომერციული ფართები და სასტუმრო.
11 ოქტომბრის საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა კიევში მდებარე ელექტროსადგურსა და ხარკოვის თბოელექტროცენტრზე რუსეთის დარტყმის შესახებ. ენერგოობიექტებზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც თეთრი სახლის ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპმა „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ გააკეთა განცხადება, რომელსაც, მისი თქმით, მოსკოვი დათანხმდა.





