სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნავი პილეი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა
მსოფლიო

ნავი პილეი
ფოტო: Getty Images
სამხრეთაფრიკელი ნავი პილეი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელმაც გაეროს საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელა და რომლის ანგარიშის თანახმადაც, ისრაელმა ღაზის სექტორში გენოციდი ჩაიდინა, 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. ჯილდო მას „მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის ხელშეწყობისთვის“ მიენიჭა, იუწყება Reuters-ი.
ნობელის კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. კომიტეტის განმარტებით, პილეის დაჯილდოება ხაზს უსვამს ორგანიზებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების მნიშვნელობას.
85 წლის სამხრეთაფრიკელი იურისტი სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე იყო, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და რუანდის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის.
პილეი ასევე ხელმძღვანელობდა გაეროს საგამოძიებო კომისიას პალესტინის ტერიტორიებზე. კომისიამ გასულ წელს დაასკვნა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში გენოციდი ჩაიდინა. ისრაელმა მაშინ ანგარიში დაგმო და მას „სკანდალური“ უწოდა.
ნეთანიაჰუს ოფისმა ჯილდოს მინიჭება სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული განცხადებით გააკრიტიკა.
„ნობელის კომიტეტმა მორალური ორიენტირი დაკარგა. მან თავისი უმაღლესი ჯილდო მიანიჭა ფანატიკოსს, რომელმაც კარიერა ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ სისხლის ცილისწამების შეთხზვასა და გავრცელებას მიუძღვნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნობელის მშვიდობის პრემია ამ კვირაში გაცემული მეხუთე ნობელის ჯილდოა. მანამდე ლაურეატები გამოვლინდნენ ლიტერატურის, ქიმიის, ფიზიკისა და მედიცინის დარგებში. 2025 წელს ნობელის მშვიდობის პრემია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს მარია კორინა მაჩადოს მიენიჭა.





