კოსოვო მზადაა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარებულ ვადებში გაიაროს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
კოსოვო მზად არის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარებულ ვადებში გაიაროს. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კოსოვო ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიაში სერბეთისგან განცალკევებით მოიხსენიეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
„ევროკავშირმა დაადასტურა, რომ კოსოვოს საკუთარი ადგილი აქვს და მისი გასავლელი გზა განცალკევებულია სერბეთისგან. ეს ფაქტი ბევრ რაიმეზე მეტყველებს. ჩემი აზრით, ეს კოსოვოს სახელმწიფოებრიობის საერთაშორისო აღიარებაა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ამის წინააღმდეგია“, – განაცხადა კოსოვოს ევროინტეგრაციის მინისტრმა დურატა ჰოქსამ.
იმისთვის კი, რომ სერბეთი ევროგაერთიანების წევრი გახდეს, ბრიუსელი მას პირობას უყენებს, მოაგვაროს უთანხოება კოსოვოსთან.
კოსოვომ 2008 წელს, ცალმხრივი წესით გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა, რომელიც უკვე 100-ზე მეტმა ქვეყანამ ცნო.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ზეგავლენასა და მიგრანტების ნაკადთან გამკლავების მიზნით, ევროკავშირი საზღვრების გაფართოებას გეგმავს. კერძოდ, ევროკავშირი აპირებს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ექვსი ქვეყნის ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
ევროკავშირი ალბანეთს, სერბეთს, მონტენეგროს, კოსოვოს, მაკედონიასა, ბოსნიასა და ჰერცეგოვინას გაწევრიანების წინადადებას 2025 წლისთვის გაუგზავნის.





