დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკლ ფლინი გადადგა
მსოფლიო

თეთრი სახლი ვაშინგტონი აშშ
ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა, - იუწყება The Guardian-ი.
ფლინმა აღიარა, რომ თეთრ სახლს არასრული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ში რუსეთის ელჩთან სერგეი კისლიაკთან კონტაქტების შესახებ და ამის გამო პრეზიდენტ ტრამპს ბოდიშს უხდის. ფლინს ამ თანამდებობაზე გენერალი ჯოზეფ კელოგი შეცვლის.
ყოფილი მრჩევლის განცხადებით, მან, ინაუგურაციის სამზადისისა და მოვლენების სწრაფი განვითარების გამო, ვიცეპრეზიდენტსა და სხვა თანამდებობის პირებს არასრული ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ელჩთან მისი სატელეფონო საუბრების შესახებ. "მე გულახდილად ბოდიში მოვუხადე პრეზიდენტს და ვიცეპრეზიდენტს და მათ მიიღეს ჩემი მობოდიშება. მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას", - ნათქვამია მაიკლ ფლინის განცხადებაში.
ფლინი რუსეთის ელჩს ვაშინგტონში დეკემბერში ესაუბრა. თავდაპირველად ყოფილი ამერიკელი გენერალი უარყოფდა, რომ ელჩთან საუბრის თემა სანქციები იყო. მოგვიანებით, იგივე განაცხადა ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმაც. თუმცა, საბოლოოდ, ფლინმა აღიარა, რომ ელჩთან სანქციების თემაც განიხილა.
ფლინის მოვალეობას გენერალი ჯოზეფ კიტ კელოგი შეასრულებს. მან არმიაში 30 წელზე მეტი გაატარა, მსახურობდა ვიეტნამში, კამბოჯასა და პანამაში.





