სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: shutterstock.com
კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კანონიერია უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის მიერ, სააკაშვილისთვის "დამატებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის" სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.
"შესაბამისად, მე ვკარგავ უკრაინაში ყოფნის სტატუსს. ეს პოროშენკოს გადაწყვეტილებაა და არა სასამართლოსი," - ასეთი კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებას საფუძველს აძლევს, რომ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს, ექსტრადიციის ან დეპორტაციის ფორმით.
ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ იგი ამ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო. 2017 წლის 26 ივლისს კი პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს შეუჩერა.
სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მან პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან ძალით გაარღვია კორდონი, რის გამოც მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
29 იანვარს, სააკაშვილმა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა გააპროტესტა. უკრაინის უზენაეს სასამართლოში პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სარჩელს განიხილავენ.





