ერდოღანი: ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ყველა ტერორისტს არ გავანადგურებთ
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ფოტო: twitter
ოპერაცია "ზეთისხილის ტოტი“ იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში ერაყთან საზღვრამდე გაგრძელდება იმ მიზნით, რომ ტერორისტებისგან მთლიანი სასაზღვრო ხაზი გაიწმინდოს.
"ჩვენ მემბიჯსაც გავათავისუფლებთ ტერორისტებისგან, როგორც ვიყავით დაპირებული. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ყველა ტერორისტს არ გავანადგურებთ ერაყთან ჩვენს საზღვრებამდე“, - აღნიშნა ერდოღანმა ანკარაში „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ წევრებთან შეხვედრისას.
თურქეთმა სირიაში ტანკები 21 იანვარს შეიყვანა. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია. მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის თურქეთს "უსაფრთხო ზონის" შექმნა შესთავაზოს სირიის საზღვართან, სადაც ახლა სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში დაასრულებენ.





