„რეფერენდუმის შედეგი გამომდინარეობს ძლიერი ეროვნული თვითშეგნებიდან. ჩვენ ევროკავშირი არ გვჭირდება, ჩვენ ორი რამ გვჭირდება, უსაფრთხოება და ბაზრებზე სრულ წვდომა, ევროკავშირი ვერცერთს მოგვცემს. ევროკავშირი უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და არა ჩვენი უფროსი“, - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორთან
მსოფლიო

ჰანეს ჰომლშტაინ გისურარსონი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„იმედის კვირა“ ისლანდიაში იმ მიზეზებზე სასაუბროდ ჩავიდა, რამაც რეფერენდუმზე ისლანდიის მოსახლეობის მაღალი აქტივობა და ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების განახლებაზე უარი განაპირობა.
ისლანდიაში 29 აგვისტოს გამართული რეფერენდუმის შედეგებზე სასაუბროდ „იმედის კვირა“ ისლანდიელ პროფესორს, ჰანეს ჰომლშტაინ გისურარსონს რეიკიავიკში შეხვდა.
„რეფერენდუმის შედეგი გამომდინარეობს ძლიერი ეროვნული თვითშეგნებიდან, ჩვენ ვართ ისლანდიელები, ჩვენ ამაყნი ვართ ჩვენი 1100-წლიანი ისტორიის და მსოფლიოს სწორედ ისლანდიური თვალსაწიერიდან შევყურებთ. ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე და ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო“, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰანეს ჰომლშტაინ გისურარსონმა, ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა.
მან ინტერვიუში ისლანდიის საჭიროებებზეც ისაუბრა.
„ჩვენ ევროკავშირი არ გვჭირდება, ჩვენ ორი რამ გვჭირდება, უსაფრთხოება და ბაზრებზე სრულ წვდომა, ევროკავშირი ვერცერთს მოგვცემს. ევროკავშირი უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და არა ჩვენი უფროსი“, - აღნიშნა ჰანეს ჰომლშტაინ გისურარსონმა.
ისლანდიელი უფლებადამცველები, ისევე როგორც აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომელთაც „იმედის კვირა“ ექსკლუზიურად ესაუბრა, ფიქრობენ, რომ დღევანდელი ევრობიუროკრატიის პოლიტიკის გათვალისწინებით ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, გადაწყვეტილებებს დიდი სახელმწიფოები მიიღებდნენ, ისლანდია კი ქვეყნის და მოსახლეობის სიმცირის გამო პოლიტიკური თვითმყოფადობის, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკისა და საკუთარ ბუნებრივ რესურსებზე კონტროლის გარეშე დარჩებოდა.
„ჩვენ მცირე ზომის სახელმწიფო ვართ, ევროკავშირის რიგებში ყოველგვარი უფლების გარეშე დავრჩებოდით, ბრიუსელში ჩვენი მოგვიწევდა ჩურჩულით საუბარი, მაშინ როდესაც გერმანელთა და ფრანგთა ნათქვამი ლომის ღრიალივით გაისმის. სწორედ ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც არ გვსურდა გაწევრება, ბრიუსელში ვერავითარი ძალაუფლება, გავლენა ვერ გვექნებოდა“, - განაცხადა ჰანეს ჰომლშტაინ გისურარსონმა.
როგორც ისლანდიელი პროფესორი ამბობს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებაზე უარით ქვეყანა თავს აარიდებს ბრიუსელის ბიუროკრატიის მიერ ნაკარნახევ ათასობით წესს, საკუთარ კანონებზე უარის თქმას და საკანონმდებლო დამოუკიდებლობის დაკარგვას.
„ჩვენ ვართ ამაყი ისლანდიელები, თქვენ კი ამაყი ქართველები. სწორედ ეს არის წინ მიმავალი გზა. ჩვენ ვამაყობთ ამით. რეფერენდუმისას გამოჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი შემადგენელი, სწორედ ახალგაზრდები არიან ყველაზე პატრიოტულად განწყობილნი, სწორედ მათი ხმებით დადგა რეფერენდუმის ეს შედეგი“, - აღნიშნავს პროფესორი.
როგორც ცნობილია, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრებაზე უარი თქვა. ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.





