ერდოღანი: პროამერიკულ ძალებს სირიაში თურქეთი გაანადგურებს
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის დახმარებით ფორმირებულ სირიელი ქურთების სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებს თურქეთი გაანადგურებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს.
თურქთის პრეზიდენტის თქმით, სირიის აფრინის რეგიონში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მზადება მიმდინარეობს და ოპერაცია შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს.
"აშშ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის საფარქვეშ ტერორისტულ ჯარს აყალიბებს და მას "უსაფრთხოების ძალებს“ უწოდებს. ეს ტერორიზმთან და "ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა კი არა, მათი მხარდაჭერაა", - განაცხადა თურქეთის ვიცეპრემიერმა ბექირ ბოზდაღმა.
დამასკოში აცხადებენ, რომ აშშ-ის სურვილი სირიაში სასაზღვრო უსაფრთხოების ზონის შექმნა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უხეში თავდასხმაა.
ვაშინგტონის გეგმის თანახმად, სირიის სასაზღვრო ზონების გასაკონტროლებლად 30 ათასი მებრძოლისგან ფორმირებული შენაერთი უნდა შეიქმნას. შეირაღებული მილიცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით იქნება ბაზირებული.





