ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩინეთს სთხოვა უკრაინასა და ირანში ომების დასასრულებლად მეტი გააკეთოს
მსოფლიო

პედრო სანჩესი
ფოტო: AP
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ჩინეთი არის მთავარი მსოფლიო მომლაპარაკებელი, რომელსაც შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა როგორც ირანის, ისე უკრაინის კონფლიქტების დასრულების საქმეში. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სანჩესმა პეკინს სთხოვა, მეტ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართოს.
„ვფიქრობ, რთულია იპოვო ჩინეთის გარდა სხვა მომლაპარაკებელი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ირანში და ჰორმუზის სრუტის გარშემო“, - განაცხადა სანჩესმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ.
Associated Press-ის ცნობით, სანჩესი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რიგით მეოთხე ვიზიტით იმყოფება ჩინეთში. მას მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება სურს.
სანჩესის განცხადებით, ესპანეთს სურს, რომ დაუსჯელი არ დარჩეს არავინ, ვინც დანაშაულს ჩადის. მან ღაზის სექტორში მომხდარს გენოციდი უწოდა.
„დღეს საერთაშორისო სამართალს, პირველ რიგში, არღვევს ერთი ქვეყანა: ისრაელის მთავრობა“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა. „აგრეთვე ირანის რეჟიმი უკანონო რეაქციას ავლენს ომთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ თავიდანვე ვუწოდეთ შეცდომა და კანონის დარღვევა“.





