კალასი ნატოდან აშშ-ის შესაძლო გასვლაზე: ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არც ამერიკას, არც მოკავშირეებს ძლიერს არ გახდის
მსოფლიო

კაია კალასი
ფოტო: err.ee
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც კალასმა აღნიშნა, ვითარება რთულია. მისი თქმით, აშშ-ის გასვლა ნატოდან არც თავად ამერიკას, არც მოკავშირეებს ძლიერს არ გახდის.
„ეს ძალიან რთული ვითარებაა, იმიტომ რომ [აშშ-ის] პრეზიდენტის სიტყვებს, რა თქმა უნდა, დიდი წონა აქვს და მიუთითებს იმაზე, თუ ის როგორ აზროვნებს. რადგან აშშ-ის პრეზიდენტს დიდი გავლენა აქვს, ეს, უსათუოდ, საგანგაშო სიგნალია. ახლა საკითხი ასე დგას, რა უნდა გავაკეთოთ? ეს რეალური პრეტენზიაა და ჩვენ რაღაცის გამოსწორება შეგვიძლია, თუ უბრალოდ საბაბია იმის გასაკეთებლად, რაც დიდი ხანი იგეგმებოდა? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არც ამერიკას, არც მოკავშირეებს ძლიერს არ გახდის“, - განაცხადა კალასმა.
კალასის განცხადებით, ნატოს აშშ-ის თხოვნა ირანში ომში დახმარების შესახებ, არ მიუღია.
„რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ნატოში არავითარი თხოვნა არ შემოსულა. ბრალდება იმის შესახებ, რომ ნატო დასახმარებლად არ მოვიდა, საფუძველს მოკლებულია“, - დასძინა ესტონელმა დიპლომატმა.
„პრეზიდენტი ტრამპი ნატოსთან მიმართებით ყოველთვის პრეტენზიებს გამოხატავდა. ადრე ეს იყო განპირობებული იმით, რომ ქვეყნები ძალიან ცოტას ხარჯავდნენ თავდაცვაზე. ნატოს ბოლო სამიტის შემდეგ ყველამ გაზარდა თავდაცვის ხარჯები და ევროპა ამ ტვირთის აწევას ცდილობს. ახლა ისევ პრეტენზიები ისმის, რომელიც დახმარების რეალურ მოთხოვნებს არ ეფუძნება“, - ხაზგასმით აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, მისთვის გაუგებარია ამგვარი ბრალდებების მიზანი.
„ერთის მხრივ, თითოს ამბობენ, რომ მათ არავინ სჭირდებათ, ხოლო მეორე მხრივ, გვადანაშაულებენ იმაში, თუ რატომ არ ვეხმარებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი თხოვნა არ შემოსულა. ასეთ თხოვნებს მედიით ხომ არ აჟღერებენ“, - თქვა მან.





