Financial Times: ირანის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მონაწილეობა მიიღეს რეჟიმის მხარდამჭერ ყველაზე მასშტაბურ აქციებში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე იერიში მიიტანეს
მსოფლიო

მასუდ პეზეშკიანი
ფოტო: GettyImages
ირანის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მონაწილეობა მიიღეს რეჟიმის მხარდამჭერ ყველაზე მასშტაბურ აქციებში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ქვეყანაზე იერიში მიიტანეს, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
„ეს იყო ძალის დემონსტრირება იმის საპასუხოდ, რასაც ისლამური რესპუბლიკა ეგზისტენციალურ ომად აღიქვამს“, - აღნიშნავს Financial Times-ი.
ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებს, რომლებიც ყოველწლიურად რამადანის ბოლო პარასკევს, „ყუდსის დღის“ აღსანიშნავად ტარდება, ხალხის მრავალათასიანი ნაკადი დაესწრო. ეს იმ ფონზე, როდესაც ისრაელის საჰაერო იერიშების სამიზნე უშუალოდ შეკრების ადგილის მიმდებარე ტერიტორიები გახდა.
ირანის ლიდერები პირველად გამოჩნდნენ საჯაროდ ომის დაწყების შემდეგ - მას მერე, რაც უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და რამდენიმე სამხედრო სარდალი აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად მოკლეს.
„პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი სელფებს იღებდა და მოქალაქეებს ეხვეოდა. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ ისეთი მაღალი რანგის პირები, როგორიცაა საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი და სასამართლო ხელისუფლების რადიკალი ხელმძღვანელი ღოლამ-ჰოსეინ მოჰსენი-ეჟეი“, - ნათქვამია სტატიაში.





