საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ
მსოფლიო

ფოტო: Anadolu Ajansı
საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ. განცხადება ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სამივე ქვეყანამ ირანის მიერ სპარსეთის ყურეში განხორციელებული საპასუხო დარტყმები დაგმო. ისინი ირანის მთავრობას ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეჩერებისკენ, ირანელების წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გზით გამოსავლის ძიებისკენ მოუწოდებენ.
„ამ დარტყმებში მონაწილეობა ჩვენ არ მიგვიღია, მაგრამ მჭიდრო კონტაქტში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და პარტნიორებთან რეგიონში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.





