Euronews: ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური ფონდი იმ ქალებისთვის აბორტის ჩასატარებლად, რომლებიც გაერთიანების იმ ქვეყნებიდან არიან, სადაც ეს პროცედურა შეზღუდულია
მსოფლიო

ფოტო: Reuters
ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური ფონდი იმ ქალებისთვის აბორტის ჩასატარებლად, რომლებიც გაერთიანების იმ ქვეყნებიდან არიან, სადაც ეს პროცედურა შეზღუდულია. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება მიღებული იყო სამოქალაქო ინიციატივის „ჩემი ხმა, ჩემი არჩევანი“ (My Voice, My Choice) მოწოდების საპასუხოდ, რომელიც ევროკავშირის სოლიდარობის მექანიზმის შექმნას ითხოვდა, რათა ყველა ქალისთვის გარანტირებული იყოს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი აბორტი.
ამგვარი მხარდაჭერის აღმოსაჩენად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ - ნებაყოფლობით და საკუთარი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად - გამოიყენონ არსებული „ევროპის სოციალური ფონდი პლუსი“ (ESF+), რომელიც განკუთვნილია სოციალური პოლიტიკის, განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის დასაფინანსებლად.
„არსებული ფონდი დაეხმარება ქალებს, რომლებსაც მოგზაურობა უწევთ; დაეხმარება ქალებს საკუთარ ქვეყანაში; დაეხმარება ქალებს დაშორებულ რეგიონებში და დაეხმარება მათ, ვისაც ფინანსური სახსრები არ გააჩნია“, - განაცხადა ევროკომისარმა თანასწორობის საკითხებში, ჰაჯა ლაბიბმა.





