აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი: სლოვაკეთის 2023 წლის არჩევნების წინ, ევროკომისიის ზეწოლის ქვეშ, TikTok-მა დააცენზურა ისეთი ფრაზები, როგორიცაა „არსებობს მხოლოდ ორი სქესი“, „ბავშვები ვერ იქნებიან ტრანსგენდერები“
მსოფლიო

ფოტო: Reuters
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.
კომიტეტისთვის სასამართლო უწყების საფუძველზე წარდგენილი „დიდი ტექნოლოგიური“ კომპანიების არასაჯარო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა მსხვილ სოციალურ პლატფორმებზე მათი კონტენტის მოდერაციის გლობალური წესების შესაცვლელად, რაც პირდაპირ აზიანებს ონლაინ გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში.
ანგარიშის ერთ-ერთ თავში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში ევროკომისიის ჩარევას ეხება, სლოვაკეთის 2023 წლის არჩევნების მაგალითია მოყვანილი.
„სლოვაკეთის 2023 წლის არჩევნები ამის ერთ-ერთი მთავარი მაგალითია. TikTok-ის შიდა კონტენტის მოდერაციის მითითებები აჩვენებს, რომ ევროპული ცენზურის ზეწოლის პირობებში, TikTok-მა შემდეგი „სიძულვილის ენა“ დააცენზურა:
-
„არსებობს მხოლოდ ორი სქესი“
-
„ბავშვები ვერ იქნებიან ტრანსგენდერები“
-
„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ახალგაზრდების/ბავშვების სექსუალიზაცია“
-
„ვფიქრობ, რომ LGBTI იდეოლოგია, გენდერული იდეოლოგია და ტრანსგენდერული იდეოლოგია სლოვაკეთისთვის ისეთივე დიდი საფრთხეა, როგორც კორუფცია“
ეს განცხადებები არ არის „სიძულვილის ენა“ - ეს არის პოლიტიკური მოსაზრებები მიმდინარე სადავო სამეცნიერო და სამედიცინო საკითხების შესახებ. თავად TikTok-მა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ეს პოლიტიკური მოსაზრება „გავრცელებული იყო სლოვაკეთის პოლიტიკურ დისკუსიებში“. მიუხედავად ამისა, ევროკომისიის ზეწოლის ქვეშ, TikTok-მა დააცენზურა ეს განცხადებები სლოვაკეთის ეროვნული საპარლამენტო არჩევნების წინ“, - ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშში.





