დმიტრი პესკოვი აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე: პირველი კონტაქტებისგან რაიმე მაღალი შედეგიანობის მოლოდინი შეცდომა იქნებოდა
მსოფლიო

დმიტრი პესკოვი
ფოტო: TASS
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი აბუ-დაბიში გამართული რუსეთ-აშშ-უკრაინის სამმხრივი კონსულტაციების შეფასებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
„ჯერჯერობით შეფასებას ვერ მივცემ, ამ პირველი კონტაქტებისგან რაიმე მაღალი შედეგიანობის მოლოდინი შეცდომა იქნებოდა. ეს ძალიან რთული სუბსტანციაა, დღის წესრიგში კი რთული საკითხები დგას“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თვითონ ის ფაქტი, რომ ეს კონტაქტები კონსტრუქციულ ჭრილში დაიწყო, შეიძლება დადებითად შეფასდეს“. თუმცა, პესკოვის თქმით, „წინ კიდევ სერიოზული მუშაობაა“.
მან ასევე დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები „მომავალ კვირას“ გაგრძელდება.
მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 23-24 იანვარს დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ორდღიანი შეხვედრების დასრულების შემდეგ, უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა მათ „პოზიტიური“ უწოდეს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ „კონსტრუქციული“. მან ასევე დასძინა, რომ შეხვედრაზე ომის დასრულების პარამეტრები განიხილებოდა.





