Politico: ევროკავშირში გაწევრიანების მომლოდინე ქვეყნებში აზრთა სხვადასხვაობაა ბრიუსელში შემუშავებულ გეგმებზე, რომელთა მიხედვითაც, ისინი, შესაძლოა, გაერთიანების წევრები სრულფასოვანი ხმის უფლების გარეშე გახდნენ
მსოფლიო

ფოტო: EPA
გამოცემა Politico-ს ცნობით, ქვეყნები, რომლებიც წლებია ევროკავშირში გაწევრიანებას ელიან, სხვადასხვა აზრს გამოთქვამენ ბრიუსელში შემუშავებულ გეგმებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც, ისინი, შესაძლოა, გაერთიანების წევრები ჩვეულებრივი, სრულფასოვანი ხმის უფლების გარეშე გახდნენ.
გამოცემის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, აზრთა სხვადასხვაობა იზრდება. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი სრულფასოვნად უნდა გაწევრიანდნენ ბლოკში, ხოლო მეორე ნაწილი მოლაპარაკებებში მონაწილეობით უკვე კმაყოფილია.
ევროკავშირის მოქმედი წევრების შიშების გასაქარწყლებლად იმასთან დაკავშირებით, რომ ბლოკის გაზრდასთან ერთად სულ უფრო გართულდება გადაწყვეტილებების მიღება, ევროკომისია კომპრომისის სახით სთავაზობს ახალი წევრების მიღებას არასრული უფლებებით მანამ, სანამ ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღების სისტემას რეფორმას არ ჩაუტარებს.
აღნიშნული ზომა უფრო გაართულებს ცალკეული წევრების მიერ ვეტოს გამოყენებას, რაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საფრთხეს უქმნის. დღესდღეობით კავშირის ახალი წევრები გაწევრიანებასთან ერთად სრულ უფლებებს იღებენ. ასე მოხდა ხორვატიის შემთხვევაშიც, რომელიც ევროკავშირში 2013 წელს გაწევრიანდა.
ევროკომისიაში ფიქრობენ, რომ ახალ წევრებს თავიდანვე არ უნდა ჰქონდეთ უფლება ვეტო დაადონ სანქციების ახალ პაკეტებს, რადგან უნგრეთისა და სლოვაკეთის მაგალითი აჩვენებს, რომ ბრიუსელს მათი წინააღმდეგობის დაძლევა უჭირს.





