სამხედრო წყაროები Fox News-ს უდასტურებენ, რომ ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, სულ მცირე, ერთი ამერიკული ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება
მსოფლიო

ფოტო: AP
სამხედრო წყაროები Fox News-ს უდასტურებენ, რომ ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, სულ მცირე, ერთი ამერიკული ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება.
ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს იქნება ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი, რომელიც ამჟამად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იმყოფება, თუ იმ ორი ავიამზიდიდან ერთ-ერთი, რომლებმაც ნორფოლკი და სან-დიეგო მიმდინარე კვირის დასაწყისში დატოვეს. რეგიონამდე ტრანზიტს, სავარაუდოდ, სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება.
წყაროების ცნობით, უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში მოსალოდნელია რეგიონში აშშ-ის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამხედრო რესურსების მობილიზება, რათა პრეზიდენტს ჰქონდეს სამხედრო მოქმედებების ვარიანტები იმ შემთხვევაში, თუ ის ირანზე დარტყმების განხორციელებას გადაწყვეტს.
ერთ-ერთი კარგად ინფორმირებული წყაროს განცხადებით, თუ პრეზიდენტი სამხედრო მოქმედებების დაწყებას გადაწყვეტს, „ეს იქნება განსხვავებული და უფრო მეტად შეტევითი ხასიათის“.
წყაროს თქმით, აშშ-ის სამხედრო დამგეგმავები ამზადებენ სხვადასხვა ვარიანტს, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ირანის რეჟიმი უახლოეს დღეებში.





