Politico: ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნას განიხილავს
მსოფლიო

ფოტო: EPA
ევროპული ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთისა და იტალიის მთავრობები წნეხს ახდენენ ევროკავშირზე, რათა შექმნან მომლაპარაკებლის თანამდებობა, რომელიც რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში მათ პოზიციას გააჟღერებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ევროპული ქვეყნების მთავრობები წნეხს ახდენენ ევროკავშირზე იმ მიზნით, რომ დაინიშნოს წარმომადგენელი, რომელიც უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მათ ინტერესებს წარადგენს, რადგან ისინი შიშობენ, რომ აშშ და რუსეთი მათ ზურგს უკან შეთანხმებას მიაღწევენ“, - წერს გამოცემა.
Politico-ს ინფორმაციით, აღნიშნული გეგმის მომხრეებმა, მათ შორის საფრანგეთმა და იტალიამ ევროკომისიის და სხვა ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვეს.
სავარაუდო კანდიდატებად სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე განიხილებიან იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. ფავორიტად სტუბი მიიჩნევა, რადგან, როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, მას კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, ხოლო მის ქვეყანას რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს.





