სახელმწიფო მდივნის მოადგილე: აშშ-ში იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპის ეკონომიკური დაღმასვლა, მისი მცირე წილი მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში - ეს არის კრიზისი
მსოფლიო

ჯეიკობ ჰელბერგი
ფოტო: Independent Photo Agency Srl/Alamy
გამოცემა The Guardian-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპის კრიტიკა გააძლიერა, აღნიშნა რა, რომ გასულ თვეს დამტკიცებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია იყო მოკავშირის „შეჯანჯღარების“ მცდელობა, რათა ის ეკონომიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
აღნიშნული დოკუმენტი დაგმეს ევროპაში და მას 70-წლიან ტრანსატლანტიკურ კავშირში სეისმური ძვრა უწოდეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ აშშ-ის ახალი სტრატეგია დაახასიათა, როგორც ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის საფრთხე.
როგორც The Guardian-ი წერს, ორშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ საკითხებში ჯეიკობ ჰელბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული სტრატეგია სინამდვილეში არის ვაშინგტონის პასუხი ევროკავშირში არსებულ ეკონომიკურ კრიზისსა და ზედმეტ რეგულაციებზე.
„ვიცი, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიამ, რიტორიკამ ევროპის გარშემო და ცივილიზაციის გაქრობის საფრთხემ დიდი ყურადღება მიიქცია ევროპაში“, - განაცხადა ჰელბერგმა.
„მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს რიტორიკა არის გაფრთხილება. ეს არ არის შეურაცხყოფა იმიტომ, რომ შეერთებულ შტატებში იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპის ეკონომიკური დაღმასვლა, მისი მცირე წილი მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში - ეს არის კრიზისი.
ვაშინგტონში არსებობს გარკვეული შეშფოთება იმის გამო, რომ ევროპული ეკონომიკის გაცოცხლებისთვის საჭიროა სერიოზული რეფორმების გატარება. ვთვლით, რომ ეს შესაძლებელია სწორი რეფორმების გატარების შემთხვევაში“.
როგორც ჰელბერგმა აღნიშნა, ევროკავშირი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა წამყვან ეკონომიკებს, ისეთებს, როგორიცაა აშშ. ვაშინგტონს 70-წლიანი ისტორიული ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდასაჭერად ძლიერი ევროპა სურს.
The Guardian-ის ინფორმაციით, ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია და გერმანია, მთლიანი შიდა პროდუქტი მოკრძალებულ ზრდას განიცდიდა. 2025 წლის მესამე კვარტალში გერმანიას ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია. მოსალოდნელია, რომ 2026 წელს გერმანიის მშპ 1,3%-ით, ხოლო 2027 წელს - 1,4%-ით გაიზრდება. თავად ევროკავშირის ეკონომიკა 2025 წელს 1,4%-ით, ხოლო 2027 წელს 1,5%-ით გაიზრდება.
შედარებისთვის, 2025 წლის მესამე კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 4,3%-ით გაიზარდა.





