The New York Times: ტრამპის ადმინისტრაციამ არჩევანი მადუროს ვიცე-პრეზიდენტისთვის შანსის მიცემაზე შეაჩერა და გვერდი აუარა ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს
მსოფლიო

ფოტო: The New York Times
სამხედრო ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უკვე შეარჩიეს მისაღები კანდიდატი ნიკოლას მადუროს შესაცვლელად, სულ მცირე, დროებით - ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე შთაბეჭდილება მოახდინა ვენესუელის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნავთობის ინდუსტრიის მართვით, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი.
მოლაპარაკებებში ჩართული პირების თქმით, შუამავლებმა დაარწმუნეს ადმინისტრაცია, რომ დელსი როდრიგესი დაიცავდა და მხარს დაუჭერდა ამერიკის მომავალ ენერგეტიკულ ინვესტიციებს ქვეყანაში.
„ეს არჩევანი მარტივი იყო - აცხადებენ წყაროები. ტრამპს არასდროს ჰქონია სიმპათია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს მიმართ. ტრამპის ხელახლად არჩევის შემდეგ, მაჩადო ყველანაირად ცდილობდა ტრამპის ქებას: მან ტრამპს „თავისუფლებისთვის მებრძოლი“ უწოდა, იმეორებდა მის რიტორიკას აშშ-ის არჩევნების გაყალბების შესახებ და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაც კი მას მიუძღვნა. ეს ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. შაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ ის დათანხმდებოდა როდრიგესის კანდიდატურას და აღნიშნა, რომ მაჩადოს აკლდა ვენესუელის სამართავად საჭირო „პატივისცემა“, - ნათქვამია სტატიაში.
ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მათი ურთიერთობა ქალბატონ როდრიგესის გარდამავალ მთავრობასთან დაფუძნებული იქნება მის უნარზე, ითამაშოს მათი წესებით. ამასთანავე, ისინი იტოვებენ უფლებას, განახორციელონ დამატებითი სამხედრო ქმედებები, თუ ის ამერიკის ინტერესებს პატივს არ სცემს.
მიუხედავად იმისა, რომ როდრიგესმა საჯაროდ დაგმო თავდასხმა, აშშ-ის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მისი მიდგომა, თუმცა ადმინისტრაცია ოპტიმისტურად არის განწყობილი მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობის მიმართ.
როდრიგესის სახით, ტრამპის ადმინისტრაცია ურთიერთობაში შედის იმ მთავრობის ლიდერთან, რომელსაც იგი მანამდე არალეგიტიმურს უწოდებდა. ამავდროულად, ადმინისტრაცია ზურგს აქცევს მაჩადოს, რომლის მოძრაობამაც გასულ წელს გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში - გამარჯვება, რომელიც საყოველთაო აღიარებით მადურომ მიიტაცა.
როდრიგესმა შეძლო ვენესუელის ეკონომიკის დასტაბილურება მრავალწლიანი კრიზისის შემდეგ და ქვეყნის ნავთობპროდუქციის ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა აშშ-ის გამკაცრებული სანქციების ფონზე.
მას შემდეგ, რაც როდრიგესმა ეკონომიკურ პოლიტიკაზე კონტროლი განამტკიცა და მეტოქეები ჩამოიშორა, მან კავშირები დაამყარა ვენესუელის ეკონომიკურ ელიტებთან, უცხოელ ინვესტორებსა და დიპლომატებთან. მათ წინაშე იგი წარსდგა, როგორც რბილად მოსაუბრე ტექნოკრატი, რითაც მკვეთრად გამოირჩეოდა მადუროს უახლოესი გარემოცვის დანარჩენი წევრებისგან, რომლებიც, ძირითადად, უხეში ძალოვანი მაღალჩინოსნებისგან შედგებოდა.
ტრამპის ადმინისტრაციამ არჩევანი მადუროს ვიცე-პრეზიდენტისთვის შანსის მიცემაზე შეაჩერა და გვერდი აუარა ქალბატონ მაჩადოს, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა და რომელსაც ტრამპის გარემოცვაში მცირეოდენი მოკავშირეები მაინც ჰყავდა.





