ჩინეთი ტაივანთან მასშტაბურ სწავლებას ატარებს
მსოფლიო

ფოტო: Eastern Theater Command
ჩინეთი ტაივანის ნაპირებთან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს. კუნძულის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ ჯარებს უფლება მისცა, საფრთხეებზე „შესაბამისი“ რეაგირება ჰქონდეთ. ტაიბეის მონაცემებით, დაფიქსირდა ჩინეთის უპრეცედენტო სამხედრო წარმომადგენლობა: 89 სამხედრო თვითმფრინავი, 28 სამხედრო ხომალდი და სანაპირო დაცვის გემი. ეს არის ჩინური თვითმფრინავების ყველაზე დიდი რაოდენობა ერთ დღეში 2024 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიის წარმომადგენელმა, ში იმ განაცხადა, რომ სწავლება სახელწოდებით Justice Mission 2025 29 დეკემბრის დილას დაიწყო. წვრთნები მოიცავს ტაივანის სანაპიროებთან მდებარე ხუთ აკვატორიასა და მის მიმდებარე საჰაერო სივრცეში საბრძოლო სროლების ორგანიზებას.
„ეს არის სერიოზული გაფრთხილება სეპარატისტული ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ინტერესებით მოქმედებენ და იმ საგარეო ძალებისთვის, რომლებიც მის საქმეებში ერევიან, ასევე წარმოადგენს კანონიერ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად“, - ნათქვამია ჩინელი სამხედროების განცხადებაში
წვრთნებამდე ცოტა ხნით ადრე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა.





