„დროა, ამ ისტორიულ პარტნიორობაში ახალი ფურცელი გადავშალოთ“ - მაკრონი სი ძინპინს საფრანგეთში ჩინური ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდებს
მსოფლიო

სი ძინპინი ემანუელ მაკრონი
ფოტო: AFP
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ქვეყანაში ჩინური ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა.
მაკრონის თქმით, ევროპას, მათ შორის საფრანგეთს, ესაჭიროება უფრო მკაფიო სტრუქტურა ჩინეთიდან დიდი პირდაპირი ინვესტიციების მოსაზიდად.
მან გააფრთხილა, რომ ჩინეთის მზარდი სავაჭრო პროფიციტი დანარჩენ მსოფლიოსთან არამდგრადი ხდება, ხოლო ევროპაში შემოსული ინვესტიციები კვლავაც ძალიან დაბალია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა იმუშაოს თავისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ხოლო ჩინეთმა უნდა დააჩქაროს ძალისხმევა შიდა მოხმარების გასაძლიერებლად.
„ამ დისბალანსის აღმოფხვრის ყველაზე ცუდი გზა სავაჭრო ომია“, - დარწმუნებულია ემანუელ მაკრონი.
სი ძინპინმა, თავის მხრივ, მაკრონთან მოლაპარაკებები გულწრფელად, ნაყოფიერად და მეგობრულად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: აეროკოსმოსური ინდუსტრია, ავიაცია და ბირთვული ენერგეტიკა, ციფრული ტექნოლოგიები და ბიოფარმაცევტიკა.
ჩინეთ-საფრანგეთის ბიზნეს საბჭოს სხდომაზე სი ძინპინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ჩინურ კომპანიებს, რომლებსაც საფრანგეთში ინვესტირება სურთ, და ქვეყანას შეუცვლელი სავაჭრო პარტნიორი უწოდა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთს სურს ორმხრივი ინვესტიციების სტიმულირება და ქვეყანაში ჩინური ინვესტიციების მოცულობის გაზრდა 2030 წლისთვის.
„დროა, ამ ისტორიულ პარტნიორობაში ახალი ფურცელი გადავშალოთ“, - დასძინა მან.





