WP: ზელენსკის პოლიტიკური საფრთხე ემუქრება, იმ ფონზე, როდესაც კორუფციულმა სკანდალმა მისი მთავარი თანაშემწე იმსხვერპლა
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
მომავალ კვირას, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის მხრიდან ზეწოლის ახალი ტალღის წინაშე აღმოჩნდება, იმ ფონზე, როდესაც მისი უახლოესი გარემოცვა კორუფციულმა სკანდალმა მოიცვა, ოპოზიციის ლიდერები მისი მთავრობის სრულ გადადგომას ითხოვენ, მოსკოვი კი მისი ქვეყნის დაბომბვას განაგრძობს - რაც ომის პერიოდის ლიდერის კარიერაში პოლიტიკურად სახიფათო მომენტს ქმნის, - წერს The Washington Post-ი.
სტატიაში სახელწოდებით „ზელენსკის პოლიტიკური საფრთხე ემუქრება, იმ ფონზე, როდესაც კორუფციულმა სკანდალმა მისი მთავარი თანაშემწე იმსხვერპლა“ აღნიშნულია, რომ კრიზისი აშშ-სთან მთავარი მომლაპარაკებლის, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გადადგომის შემდეგ გამწვავდა, რომელმაც თანამდებობა ანტიკორუფციული ორგანოების მიერ მისი ჩხრეკის შემდეგ დატოვა. პოლიტოლოგები ზელენსკის ყველაზე სანდო პირის - ერმაკის გადადგომას „მარჯვენა ხელის მოჭრას“ ადარებენ, რაც უკრაინის პრეზიდენტის ირგვლივ „ფსიქოლოგიურ ვაკუუმს“ ქმნის.
გამოცემა წერს, რომ კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინული ოპოზიცია ხელისუფლების სრულ შეცვლას ითხოვს. ნოემბერში უკვე გადადგნენ იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები, მოსახლეობის ნდობა კი შერყეულია ეჭვების გამო, რომ მაღალი თანამდებობის პირები შესაძლოა თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებიდან თანხებს ითვისებდნენ, იმ დროს როცა ჯარისკაცები აღჭურვილობის უკმარისობას განიცდიან. უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ამ სქემის მონაწილეებს შორის ზელენსკისთან რამდენიმე დაახლოებული პირი დაასახელა.
შიდა კრიტიკა გამოიწვია აშშ-სთან მოლაპარაკებებზე გასამგზავრებელი დელეგაციის ხელმძღვანელად ერმაკის ნაცვლად რუსტემ უმეროვის დანიშვნამაც, რადგან გაჩნდა ეჭვები, რომ კორუფციულ სკანდალში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც არის გარეული.
Washington Post-ი ასევე წერს, რომ შიდა პრობლემების მიუხედავად, ვაშინგტონს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების სწრაფად მიღწევა სურს. ამ ფონზე, ზელენსკიმ უკრაინელებს ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ერთიანობის დაკარგვა ამ ეტაპზე ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია. თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ამ სკანდალიდან უფრო სერიოზული დასკვნები უნდა გამოიტანოს. ისინი ზელენსკის მოსახლეობის ნდობის დასაბრუნებლად საკვანძო თანამდებობაზე არა პირადად მისდამი ლოიალური ჩინოვნიკების, არამედ უკრაინის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული პროფესიონალების დანიშვნისკენ მოუწოდებენ.





