Euractiv: კაია კალასს აინტერესებდა, რატომ ღელავდა ბელგია ასე ძალიან რუსული გაყინული აქტივების გამოყენებაზე
მსოფლიო

კაია კალასი
ფოტო: Getty Images
Euractiv-ი წერს, რომ ბელგიასა და ევროკავშირს შორის გაყინული რუსული აქტივების გამო დაძაბულობა იმატებს. გამოცემის ცნობით, ბელგია მხარს არ უჭერს ევროკავშირის გეგმას, რომელიც უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გაცემის მიზნით ამ აქტივების გამოყენებას ითვალისწინებს.
გამოცემის ცნობით, ამ საკითხზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და EPP-ს წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც რამდენიმე მონაწილისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა.
წყაროს ცნობით, ბელგიელმა ევროპარლამენტარმა ვუტერ ბეკემ გაიმეორა თავისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული შეშფოთება გაყინული აქტივების გამოყენების შემთხვევაში ბელგიისთვის ლეგალურ და ფინანსურ რისკებთან დაკავშირებით.
„კალასს აინტერესებდა, თუ რატომ ღელავდა ბელგია ასე ძალიან. რომელ სასამართლოში აპირებდა რუსეთი წასვლას? რომელი მოსამართლე დააკმაყოფილებდა რუსეთის სარჩელს ამ საკითხზე?“ - თქვა ერთმა დამსწრემ. „კალასმა ასევე გაავლო პარალელი ერაყის ვალდებულებასთან, გადაეხადა ქუვეითისთვის 50 მილიარდ დოლარზე მეტი რეპარაციის სახით 1990 წლის შეჭრის შემდეგ“, - წერს გამოცემა.
შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ თქვა, რომ კალასი „ძალიან ამპარტავანი“ იყო ბელგიის პოზიციასთან დაკავშირებულ კომენტარებში, მესამემ კი მისი ტონი აღწერა როგორც „დაუჯერებელი“.
კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ შეხვედრაზე კალასი ხაზს უსვამდა თავის ესტონურ წარმომავლობას, რითაც გულისხმობდა, რომ რუსეთის უკეთ ესმის, ვიდრე ბელგიელებს.
Euractiv-ის მიმომხილველი საიმონ ნიქსონი თავის უახლეს საავტორო სტატიაში წერს, რომ ბელგიის შეშფოთება ლეგიტიმურია, რადგან გეგმაზე თანხმობის შემთხვევაში ქვეყანას რუსეთის საპასუხო ზომების რეალური საფრთხე ემუქრება.





