ტრამპის განცხადებით, თეთრ სახლთან ეროვნული გვარდიის მოსამსახურეებს ცეცხლი ავღანელმა იმიგრანტმა გაუხსნა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ თეთრ სახლთან მომხდარი ინციდენტი „სიძულვილისა და ტერორის აქტი იყო“. მან ასევე აღნიშნა, რომ თავდამსხმელი აშშ-ში 2021 წელს, ავღანეთიდან ჩავიდა.
„ახლა უნდა გადავხედოთ პოლიტიკას აბსოლუტურად თითოეული უცხოელის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბაიდენის დროს ავღანეთიდან ჩამოვიდა. ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რათა უზრუნველვყოთ ნებისმიერი უცხოელის გაძევება, ვინც აქ არ უნდა იმყოფებოდეს და არანაირი სარგებელი არ მოაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა გაურკვეველი ვადით შეაჩერა ავღანეთის მოქალაქეების ყველა მოთხოვნის განხილვა, „უსაფრთხოების პროტოკოლებისა და მონაცემების მომდევნო შემოწმების მოლოდინში“.
ამერიკული ტელეკომპანიები ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით წერენ, რომ თავდამსხმელი 29 წლის რახმანულუ ლაკანვალაა, რომელმაც თავშესაფრის მოთხოვნით აშშ-ის მთავრობას 2024 წელს მიმართა, წელს კი მისი მოთხოვნა ტრამპის ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა.
ტრამპის ადმინისტრაციამ კი ფედერალურ სააპელაციო სასამართლოს გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილების გადავადების თხოვნით მიმართა, რომელიც ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდიის გაყვანას ითვალისწინებს.
აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი მოსამსახურე თეთრ სახლთან ახლოს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ვაშინგტონის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, სროლა მოხდა მე-17 და 1-ლი ქუჩების კვეთაზე, რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის 2 მოსამსახურე დაიჭრა. ისინი კლინიკაში იმყოფებიან. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც ტრამპმა განაცხადა, ის მძიმედ არის დაჭრილი. მისი მოტივები უცნობია.





