Politico: უიტკოფს ფსიქიატრი სჭირდება. ევროპელები შეშფოთებულები არიან ტრამპის გეგმით, მიიღოს მოგება გაყინული რუსული აქტივებისგან
მსოფლიო

სტივ უიტკოფი
ფოტო: EPA
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის მიერ უკრაინის შესახებ შედგენილმა სამშვიდობო გეგმამ „დიდი დარტყმა“ მიაყენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების ძალისხმევას, რომელიც მათ გასწიეს რუსული გაყინული აქტივების ხარჯზე უკრაინის აღდგენისთვის საჭირო კრედიტის გამოყოფის თვალსაზრისით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპელები რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებენ გზას, თუ როგორ გადასცენ უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც დიდწილად ბელგიაში ინახება. ბელგია ამის წინააღმდეგია. მას სურს მიიღოს გარანტიები, რომ თუ რუსეთი მომავალში ამის გამო ბრიუსელს სასამართლოში უჩივლებს, ის მარტო არ დარჩება.
„აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში წარმოდგენლი პუნქტები დაბრკოლებას უქმნის ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელთა მიზანიცაა გაყინული რუსული აქტივების მოგების საფუძველზე უკრაინისთვის კრედიტის გადაცემა, რაც კიევს რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად ესაჭიროება. ევროპელები თავს იკლავენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ გამოიყენონ გაყინული აქტივები უკრაინელების სასარგებლოდ, ხოლო ტრამპს კი მათგან სარგებლის მიღება სურს. ამ წინადადებას ალბათ ყველა უარყოფს“, - აღნიშნულია სტატიაში.
Politico-ს ინფორმაციით, ახლა ევროკავშირის ჩინოვნიკებსა და დიპლომატებს ბელგიის დარწმუნება უფრო გაუჭირდებათ, რადგან აშშ-ის მიერ შედგენილი 28-პუნქტიანი გეგმის თანახმად, გაყინული რუსული აქტივებიდან 100 მილიარდი ევრო უკრაინის აღდგენის საქმეს უნდა მოხმარდეს. აშშ პროექტიდან მოგების 50% მიიღებს.
ერთ-ერთმა ყოფილმა ფრანგმა ჩინოვნიკმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, გამოცემას განუცხადა, რომ აღნიშნული იდეა ტრამპის სპეცწარმომადგენელს სტივ უიტკოფს ეკუთვნის. მისი თქმით, წინადადება არის სკანდალური.





