Axios: ზელენსკი ტრამპის ახალი სამშვიდობო გეგმის განხილვას დათანხმდა
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის არმიის მდივანს დენ დრისკოლს განუცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის სურვილი აქვს. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტი კიევის მხრიდან „დიდ დათმობებს“ ითვალისწინებს, მათ შორის უკრაინის მიერ ამჟამად კონტროლირებადი ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას.
როგორც Axios-ი წერს, დრისკოლმა ზელენსკის გეგმის ასლი გადასცა, ხოლო თავად უკრაინის ლიდერმა ზელენსკიმ შეხვედრის დროს მოულოდნელი მოქნილობა გამოავლინა. ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა Axios-ს პირდაპირ განუცხადა: „გამოსავალი არის ამ საკითხზე ერთად მუშაობის მცდელობა, რათა მშვიდობა შესაძლებელი გახდეს“.
ზელენსკის ოფისმა რიტორიკის ცვლილება დაადასტურა. „პრეზიდენტმა ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპები გამოკვეთა და შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გეგმის დებულებებზე ისე იმუშავებდნენ, რომ ომის სამართლიან დასრულებამდე მივიდეთ“, - აღნიშნულია ზელენსკის ოფისის განცხადებაში.
აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე აცხადებენ, რომ ზელენსკი და დრისკოლი „შეთანხმდნენ დოკუმენტის ხელმოწერისთვის მომზადების აგრესიულ გრაფიკზე“. Axios-ი ხაზს უსვამს, რომ თავად გეგმა ტრამპის სპეცწარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რუსულ მხარესთან კონსულტაციით შეიმუშავა, რამაც კიევი და ევროკავშირი შოკში ჩააგდო. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპა არ იყო ჩართული დისკუსიების საწყის ეტაპზე და უკრაინა მხოლოდ აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ხანგრძლივი კონტაქტების შემდეგ ჩაერთო.
გამოცემის ცნობით, უიტკოფი, ევროპელებში მზარდი გაღიზიანების ფონზე, იძულებული გახდა პირადად დაერწმუნებინა გერმანია, რომ ეს არის იდეების ჩარჩო. ის მოიცავს უკრაინულ და რუსულ პოზიციებს.
მოგვიანებით უიტკოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოჰან ვადეფულთან სატელეფონო საუბარი გამართა. „თუ ხალხს გეგმის გარკვეული ნაწილები არ მოსწონს, დაე, გამოთქვან საკუთარი აზრი - ჩვენ ვეცდებით კომპრომისის მოძიებას“, - აღნიშნა უიტკოფმა გერმანიის პირველ დიპლომატთან საუბარში.
გამოცემა აგრეთვე აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი განზრახ აჩქარებს პროცესს. დრისკოლმა მედიატორის ახალი როლის შესახებ რამდენიმე დღით ადრე შეიტყო. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა გამოცემას მისიისთვის მზადების შესახებ განუცხადა: „წარმოგიდგინეთ, ჩვენ ყველა საქმე გვერდზე გადავდეთ და სრული მომზადების რეჟიმში გადავედით. ის [დრისკოლი] იღებს ინფორმაციას პოლიტიკაზე, ომის წინაპირობებზე, ისტორიაზე. ეს ყველაფერი უქმე დღეებშიც გრძელდება, ხოლო შემდეგ ყველა ყვირილით გამორბის“.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ზელენსკის მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის კონფლიქტის ყველაზე სერიოზულ შიდა კრიზისს დაემთხვა. კორუფციულმა სკანდალებმა და ოპოზიციის ზეწოლამ „შეიძლება ის უფრო მეტად გახადოს მზად რთული დათმობებისთვის“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა წყარომ.





