რადოსლავ სიკორსკი: პოლონეთის პრეზიდენტი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისთვის ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ ნიადაგს ამზადებს
მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი
ფოტო: Getty Images
პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისთვის ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ ნიადაგს ამზადებს, - განაცხადა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„თქვენ გაქვთ უფლება პირადი აზრი გქონდეთ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი, ადამიანის მსგავსად, სრულყოფილი არ არის. ის შეიძლება ვაკრიტიკოთ, მაგრამ კრიტიკა ორი სახისაა: ერთი მიმართულია კრიტიკის ობიექტის გაუმჯობესებისკენ, ხოლო მეორე - კრიტიკის ობიექტის დისკრედიტაციისა და განადგურებისკენ“, - თქვა სიკორსკიმ.
სიკორსკიმ ნავროცკის მოუწოდა პირველი ვარიანტი აირჩიოს. მისი განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ „ევროპული ინტეგრაცია - ეს არის შეთქმულება პოლონეთის წინააღმდეგ“, არ ეხმარება არც პოლონეთს, არც ევროკავშირს და ამზადებს ნიადაგს Polexit-თვის.
როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, თუ ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს, მეორე დღესვე ფერმერები სუბსიდიებს და ევროპულ ბაზარზე დაბრკოლების გარეშე პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობას დაკარგავენ. დანარჩენ სპეციალისტებს დიპლომების აღიარების პროცედურების გავლა მოუწევთ. მუსიკოსები პარიზში კონცერტის გასამართად სამუშაო ვიზებზე განაცხადს შეიტანენ, ხოლო ექსპორტიორებს გადასახადების გადახდა მოუწევთ.
„პოლონეთი ევროკავშირის გარეშე არა მხოლოდ ღარიბი, არამედ ნაკლებად დაცული, იზოლირებული და გარე შემოსევისთვის უფრო მოწყვლადი იქნება. თუ თქვენ ნამდვილი პატრიოტი ბრძანდებით, თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვების შედეგებზე იფიქრეთ, ადამიანების შიშებზე ნუ თამაშობთ“, - ხაზი გაუსვა სიკორსკიმ.





