The Guardian: ახალი კანონის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკოსების შევიწროებასთან ბრძოლას ისახავს მიზნად, აქტივისტებს, შესაძლოა, 6 თვემდე პატიმრობა დაემუქროთ ინგლისსა და უელსში დეპუტატების სახლებთან საპროტესტო აქციისთვის
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock
ახალი კანონის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკოსების შევიწროებასთან ბრძოლას ისახავს მიზნად, აქტივისტებს, შესაძლოა, ექვს თვემდე პატიმრობა დაემუქროთ ინგლისსა და უელსში დეპუტატების სახლებთან საპროტესტო აქციის გამართვისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
„კანონი სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადებს დეპუტატების, ლორდებისა და მუნიციპალური საკრებულოს წევრების, ასევე სხვა საჯარო თანამდებობაზე წარდგენილი პირების სახლებთან გამართულ საპროტესტო აქციებს - და სავარაუდოდ, გამოიწვევს დამატებით კრიტიკას იმის თაობაზე, რომ მთავრობა ავიწროებს პროტესტის უფლებას“, - წერს The Guardian-ი.
ბრიტანეთის მთავრობა სამშაბათს ცვლილებებს შეიტანს დანაშაულისა და პოლიციის შესახებ კანონში, რათა ოფიციალურად აკრძალოს მსგავსი საპროტესტო აქციები და დააწესოს სისხლის სამართლის სანქციები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროებმა ასეთი პროტესტი აღწერეს, როგორც „ტოქსიკური ქცევა დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში“ და განაცხადეს, რომ ცვლილება შემოიღებს სისხლის სამართლის დანაშაულს საჯარო მოხელის სახლთან პროტესტის გამო, თუ მისი მიზანია მასზე ზემოქმედება მისი მოვალეობების შესრულებაში ან მისი პირადი ცხოვრების რომელიმე ასპექტში.





