ევროკომისიის სანქციების მიუხედავად პოლონეთი იუსტიციის რეფორმებს განაგრძობს
მსოფლიო

პოლონეთი ვარშავა
ფოტო: shutterstock.com
ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, პოლონეთი სამართლებრივ რეფორმას გააგრძელებს. ამის შესახებ პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. „ეს გადაწყვეტილება მშვიდად მივიღე. საუბარია პოლიტიკაზე და არა კანონის უზენაესობაზე. პოლონეთი სამართლებრივი სახელმწიფოა. ჩვენ იუსტიციის რეფორმა უნდა განვაგრძოთ“, – აღნიშნა ზბიგნევ ზებრომ.
პოლონეთში სასამართლო რეფორმის დაწყების გამო, ევროკომისიამ ვარშავის წინააღმდეგ სასანქციო პროცედურების დაწყების უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბრიუსელში ფიქრობენ, რომ პოლონეთის რეფორმა დემოკრატიულ ნორმებზე უარის თქმას ნიშნავს, რადგან სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცევა.
თავის მხრივ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომიის გადაწყვეტილება მათთვის "მტკივნეული" იყო.
თავდაპირველად, ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროკავშირის სულ მცირე 22-მა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ კი, სანქციების დასაწესებლად საჭიროა ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობების ან სახელმწიფოთა მეთაურებმა უნდა მიიღონ.
15 ივლისს, პოლონეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მინისტრებსა და დეპუტატებს ეძლევათ იურიდიული უფლება, კონსულტაციის გარეშე, დანიშნონ მოსამართლე.





