უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას ითხოვს
მსოფლიო

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ გაიმართება, რომელზეც გენერალური პროკურატურა შინაპატიმრობას მოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.
სააკაშვილის ადვოკატის, პაველ ბოგომაზოვის თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გუნდს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები აფინანსებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კურჩენკო.





