პუტინი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა კვლავ კრიზისშია
მსოფლიო
რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კრიზისი გრძელდება,- განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე გააკეთა. ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინის თქმით, კრიზისს ის ფაქტი მოწმობს, რომ თეთრი სახლის ლიდერ დონალდ ტრამპთან, ვიეტნამში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, ოფიციალური პირისპის შეხვედრა არ შედგა.
ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი მხოლოდ სხდომათა დარბაზში ჩამოართვა და რამდენიმე წუთით გაისაუბრა.
პუტინთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში „კარგი დისკუსია“ ჰქონდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა „სულელები“ უწოდა იმათ, ვინც რუსეთთან კარგი ურთიერთობის წინააღმდეგია. მისივე შეფასებით, ბარაკ ობამას ვლადიმერ პუტინთან არასწორი ქიმია ჰქონდა.
11 ნოემბერს, ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის სამინისტის ფარგლებში რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები სირიის პრობლემის მოგვარებასა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე შეთანხმდნენ.





