ბასკი სეპარატისტების ყოფილი ადვოკატი პუჩდემონს დაიცავს
მსოფლიო

კარლეს პუჩდემონი
კატალონიის ყოფილმა მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა ბელგიელი ადვოკატი პოლ ბეკარი დაიქირავა, რომელიც წარსულში ბასკური სეპარატისტული ორგანიზაცია "ეტას" ინტერესებს იცავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Elpais-ი ავრცელებს.
ადვოკატმა დაადასტურა, რომ პუჩდემონი ბელგიაში იმყოფება და შესაძლოა ქვეყანას თავშესაფარი სთხოვოს. ბეკარის თქმით, პუჩდემონს მისთვის ჯერჯერობით არანაირი დავალება არ მიუცია.
El Pais-ის ცნობით, დღეს, 31 ოქტომბერს, პუჩდემონი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
კატალონიის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა და რეგიონული ხელისუფლების კიდევ რამდენიმე ყოფილმა წევრმა, კატალონია 30 ოქტომბერს დატოვა და ბელგიაში გაემგზავრა. იმავე დღეს, ესპანეთის გენერალურმა პროკურატურამ კატალონიის ავტონომიის ყოფილი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ყოფილი ავტონომიის მთავრობას ამბოხებას, სახელმწიფო წყობის შეცვლის მოწოდება და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედებათ ბრალად.
27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 10. ორმა თავი შეიკავა. დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს (სულ 135 დეპუტატი).
გამოცხადების შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს, შესაბამისად რეგიონის ავტონომიის გაუქმებას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.





