მედია: კარლეს პუჩდემონი ბრიუსელში იმყოფება
მსოფლიო

კარლეს პუჩდემონი
კატალონიის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა და რეგიონული ხელისუფლების კიდევ რამდენიმე ყოფილმა წევრმა შესაძლოა ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას La Sexta Tv-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ექს ლიდერი უკვე ბრიუსელში იმყოფება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის გენერალურმა პროკურორმა კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის და კიდევ 20-მდე ჩინოსნის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 10. ორმა თავი შეიკავა. დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს (სულ 135 დეპუტატი).
გამოცხადების შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს, შესაბამისად რეგიონის ავტონომიის გაუქმებას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.





