მედია: კარლეს პუჩდემონმა ვადამდელი რეგიონული არჩევნების დანიშვნა გადაწყვიტა
მსოფლიო

კატალონიის პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონმა ვადამდელი რეგიონული არჩევნების დანიშვნა გადაწყვიტა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, არჩევნები 20 დეკემბერსაა ჩანიშნული. შედეგების მიხედვით კი, თუ დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები გაიმარჯვებენ არჩევნებში პუჩდემონი მანდატს განიმტკიცებს.
გარდა ამისა, La Vanguardia-ს ცნობით კატალონიის ლიდერმა გადაწყვეტილება ესპანეთის პრემიერმინისტრის გადასარწმუნებლად მიიღო, რათა ესპანეთმა რეგიონზე პირდაპირი კონტროლი არ გაავრცელოს.
ესპანური გამოცემა "ელ პაისის" ცნობით კი, გამორიცხული არაა კატალონიის დამოუკიდებლობა სწორედ საკანონმდებლო ორგანოში შეკრებისას 26-27 ოქტომბერს გამოაცხადონ.
უკვე ხვალ კი მადრიდში სენატორები შეიკრიბებიან და კატალონიის ავტონომიის დროებით გაუქმების მიზნით, კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედების შესახებ, იმსჯელებენ.
გასულ შაბათს მადრიდმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედება დააანონსა, რითაც კატალონიას ავტონომიის სტატუსი დროებით შეუჩერდება. ესპანეთის მთავრობა ექვსი თვის განმავლობაში კატალონიაში არჩევნების ჩატარებასაც გეგმავს.
21 ოქტომბერს ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის ფარგლებში კატალონიის რეგიონის მთავრობას და პარლამენტს დაითხოვს, უფლებამოსილებებს კი ცენტრალური ხელისუფლება შეასრულებს.
კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.
რეფერენდუმის შემდეგ, კატალონიამ ცალსახა პოზიცია არ დაიკავა და მკაფიოდ არ უთქვამს აცხადებდა დამოუკიდებლობას თუ არა. ამის ნაცვლად, რეგიონულმა მთვრობამ ესპანეთის ხელისუფლებამ მოლაპარაკებები შესთავაზა.




