რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი: წინასწარი მონაცემებით „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა
მსოფლიო

ფოტო: RIAN
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა.
„სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს“, - აცხადებენ უწყებაში.
ტერაქტის ადგილზე აგრძელებენ მუშაობას გამომძიებლები, კრიმინალისტები და ექსპერტები, ასევე ადგილზე არიან „ეფესბეს“ და შსს-ს ოპერატიული ქვედანაყოფები. მიმდინარეობს ცხედრების დათვალიერება, ნივთიერი მტკიცებულებების შეგროვება.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 140-ს აღემატება.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რაც შეეხება თავდამსხმელებს, საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.





