ესპანეთი კატალონიის მთავრობას და პარლამენტს დაითხოვს
მსოფლიო

კატალონიის პარლამენტი, ბარსელონა, ესპანეთი
ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რაჰოიმ განაცხადა, რომ კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის ფარგლებში კატალონიის რეგიონის მთავრობას და პარლამენტს დაითხოვს. მათ უფლებამოსილებებს ცენტრალური ხელისუფლება შეასრულებს. ამის შესახებ პრემიერმა 21 ოქტომბერს, ქვეყნის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს.
აღნიშნული ზომა ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლით არის გათვალისწინებული, რომელიც ავტონომიის შეჩერებას ითვალისწინებს თუ რეგიონული ხელისუფლება კანონს არღვევს და ქვეყნის ინტერესებს ემუქრება.
წესრიგის აღდგენისთვის კატალონიაში პარლამენტის არჩევნებს ჩაატარებენ, რომელიც შემდეგ ახალ მთავრობას დაამტკიცებს. როგორც მოსალოდნელია, კატალონიის ხელისუფლების უფლებამოსილების შეზღუდვაზე გადაწყვეტილებას ესპანეთის სენატი 27 ოქტომბერს დაუჭერს მხარს და ის მეორე დღიდან ამოქმედდება.
კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.
რეფერენდუმის შემდეგ, კატალონიამ ცალსახა პოზიცია არ დაიკავა და მკაფიოდ არ უთქვამს აცხადებდა დამოუკიდებლობას თუ არა. ამის ნაცვლად, რეგიონულმა მთვრობამ ესპანეთის ხელისუფლებამ მოლაპარაკებები შესთავაზა.




