აშშ-მა სამხრეთ აფრიკა რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებაში დაადანაშაულა
მსოფლიო

რუბენ ბრიჯეტი
ფოტო: Twitter
სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩმა რუბენ ბრიჯეტიმ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ რუსეთს შეიარაღება და საბრძოლო მასალა მიაწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პრეტორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიჯეტიმ განაცხადა, რომ, აშშ-ის ინფორმაციით, 2022 წლის 6-8 დეკემბერს საიმონსტაუნის პორტში იმყოფებოდა რუსული სატვირთო გემი Lady R, რომელიც დაიტვირთა რუსეთში გასაგზავნი შეიარაღებითა და საბრძოლო მასალით. რუბენ ბრიჯეტიმ ამ ფაქტს მიუღებელი უწოდა. მისივე თქმით, აშშ შეშფოთებულია იმით, რომ სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება არ იცავს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, რომელიც ქვეყანამ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში გამოაცხადა.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაპოსას ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამერიკის ელჩის განცხადებები „ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის სულისკვეთებას ძირს უთხრის“. მათივე თქმით, დამოუკიდებელი მოსამართლე ჩაატარებს გამოძიებას საიმონსტაუნის პორტში შესულ გემთან დაკავშირებით, ამერიკული სპეცსამსახურები კი საკუთარ მტკიცებულებებს წარადგენენ.





