ქარიშხლის გამო პუერტო-რიკოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გამოირთო
მსოფლიო

პუერტო-რიკოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია მას შემდეგ გამოირთო, რაც 20 სექტემბერს ქარიშხალი „მარია“ ქვეყნის სანაპირო რაიონებს დაატყდა თავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამჟამად, ქვეყანაში ელექტროენერგია მხოლოდ მათ აქვთ, ვისაც გენერატორები გააჩნიათ.
კუნძულის გუბერნატორის განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზების სრულად აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება. პუერტო-რიკოს ელექტროენერგიით მხოლოდ ერთი კომპანია „PREPA“ ამარაგებს, რომლის მუშაობაც არაეფექტურად და მოძველებულადაა მიჩნეული. ამის გარდა, კომპანიას ფინანსური პრობლემებიც აქვს. მან ივლისში თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.
20 სექტემბერს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „მარია“ ვირჯინის კუნძულებსა და პუერტო-რიკოს დაატყდა თავს, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარის სიჩქარე 280 კილომეტრ საათს აღწევს. ქარიშხალ „მარიას“ გამო მსოფლიოს ყველაზე დიდმა რადიოტელესკოპმა მუშაობა შეაჩერა.




