ქარიშხალ მარიას გამო მსოფლიოს ყველაზე დიდმა რადიოტელესკოპმა მუშაობა შეაჩერა
მსოფლიო

ობსერვატორია "არესიბო"
პუერტო-რიკოში მდებარე ობსერვატორიამ "არესიბო", სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიო ტელესკოპი დგას, ქარიშხალ "მარიას" მოახლოების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Space.com-ი წერს.
"ქარიშხალ მარიას მოახლოების გამო ობსერვატორიაში თავდაცვითი სამუშაოები დაიწყო, რაც გულისხმობს ტელესკოპების, კვლევითი აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების საიმედოდ დაცვას", - აცხადებენ ობსერვატორიის ადმინისტრაციაში.
"არესიბოში" მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი დგას.
ობსერვატორია საქმიანობას 21 სექტემბრიდან განაახლებს.
ქარიშხალი „მარია" მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა, ის კარიბის ზღვის კუნძულ დომინიკას დაატყდა თავს და ახლა პუერტო-რიკოსკენ მიემართება.
პუერტო-რიკოს გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ვარაუდობენ, სტიქია კუნძულს 20 სექტემბერს დაატყდება თავს.
„მარიას“ კი ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის აუზის კუნძულებს ემუქრება. ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე" მძვინვარებს.
მანამდე რეგიონს ქარიშხალმა „ირმამ“ უდიდესი ზიანი მიაყენა. ქარიშხლის გამო, 8 სექტემბერს ფლორიდის შტატიდან 6,5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდაპირველად, „ირმა“ მეხუთე კატეგორიის საშიშროებამდე გაძლიერდა, რითაც ქარიშხალ „ჰარვიზე" დამანგრეველი აღმოჩნდა, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს და 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.




