იაპონიის ტერიტორიას ჩრდილოკორეულმა რაკეტამ ბოლოს 20 წლის წინ გადაუფრინა
მსოფლიო

კუნძული ჰოკაიდო, იაპონია
29 აგვისტოს, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. 2017 წლის დასაწყისიდან ეს ფხენიანის მიერ გაშვებული მე-18 რაკეტაა, თუმცა რაკეტის მიმართულების გამო, ფაქტს განსაკუთრებული რეაქცია მოჰყვა. იაპონიის ტერიტორიის თავზე ჩრდილოკორეულმა რაკეტამ ბოლოს 20 წლის წინ გადაიფრინა.
ფხენიანმა რაკეტა ადგილობრივი დროით დილის 5:58 საათზე გაუშვა. რაკეტამ დაახლოებით 2700 კილომეტრი იფრინა, სამ ნაწილად გაიყო და ჩავარდა წყნარ ოკეანეში კუნძულ ჰოკაიდოს სანაპიროდან არმოსავლეთით 1200 კილომეტრში. რაკეტის მარკა, რომელმაც დაახლოებით 15 წუთს იფრინა, არ დასახელებულა. მისი ჩამოგდების მცდელობა არ ჰქონდათ არც იაპონელ სამხედროებს, არ სამხრეთ კორეის არმიას, არც აშშ-ს.
რაკეტამ იაპონიის დასახლებულ პუნქტს გადაუფრინა, კერძოდ ჰოკაიდოს სამხრეთ სანაპიროზე მდებარე დაბა ერიმომისაკის. რაკეტის ჩამოვარდნის შემთხვევისთვის მოსახლეობას თავშესაფრის მოძებნა ურჩიეს. ასევე გააფრთხილეს იაპონური ქალაქების მოსახლეობა ტელეფონების ან ტექსტური შეტყობინენების საშუალებით. იაპონიის მთავრობის ცნობით, მათ ტერიტორიაზე არაფერი ჩამოვარდნილა, არაფერი თქმულა გემების ან თვითმფრინავების დაზიანებაზეც.
2017 წლის დასაწყისიდან ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული მეთვრამეტე რაკეტაა, ბოლო კვირის განმავლობაში - მეოთხე. უმრავლეს შემთხვევაში, რაკეტებს ისე უშვებენ, რომ მათ ფხენიანის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე არ გადაიფრინონ. ბოლოს იაპონიის თავზე ჩრდილოკორეულმა რაკეტამ 1998 წელს გადაიფრინა.
ბოლო სარაკეტო ცდებს ფხენიანი აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნების ფონზე ატარებს. ასეთი წვრთნები რეგულარულად ტარდება. მათგან ბოლო 21 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს დასრულდება. ექსპერტების თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბოლო, პროვოკაციული ნაბიჯი შეიძლება უკავშირდებოდეს ვაშინგტონის და სეულის უარს წვრთნების შეწყვეტაზე. ბოლოს, "სიტყვების ომი" ვაშინგტონს და ფხენიანს შორის იმით დასრულდა, რომ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ დაიცდიდა და დააკვირდებოდა იმას, თუ როგორ იმოქმედებდა თეთრი სახლი. ამერიკელმა სამხედროებმა რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ კრიზისის გადაწყვეტა მხოლოდ დიპლომატიური მეთოდებით შეიძლება.
იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ და დონალდ ტრამპმა 40-წუთიანი სატელეფონო საუბარი გამართეს. მათ თქვეს, რომ ჩრდილოეთ კორეაზე "ზეწოლას გააძლიერებენ" და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევენ.





