ISIS-თან ტყვეების დახსნაზე მომლაპარაკებლების ისტორიები გამოქვეყნდა
მსოფლიო
BBC-იმ ჩაწერა 4 ადამიანი, რომლებიც "ისლამურ სახელმწიფოსთან" მძევლად აყვანილი იეზიდი ქალების ტყვეობიდან გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ. "ოთხი კაცის ოთხი ისტორია", - ასე უწოდა BBC-მ მათთან ინტერვიუს.
როგორ მუშაობენ ისინი? მათი ნაწილი ტერორისტებს ქალების გასათავისუფლებლად ფულს უხდის, მეორე ნაწილი კი უბრალო დიალოგის ან სამართალდამცველი სტრუქტურების ჩართვით ებრძვის იეზიდი ქალების მონობას, რომელსაც "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები ხშირად შავ ბაზარზე ყიდიან.
"შუამავალი"დოქტორი მირზა დინაიი გერმანიაში ცხოვრობს, საიდანაც ცდილობს მიაკვლიოს და ტრანსპორტირებაში დახმარება გაუწიოს იმ ქალებს, რომლებიც ISIS-ის ტყვეობას გამოექცნენ. მირზა დინაიი ევროპის მასშტაბით ამ ქალების უსაფრთხო განთავსებაზე ზრუნავს.
"ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები იეზიდ ქალებს როგორც პირუტყვებს ისე ექცევიან. როდესაც ისინი პოზიციებს თმობენ მათ თან მიაქვთ მნიშვნელოვანი ნივთები: ოქრო, ფული და ქალები, რომელთაც ყიდიან. ისინი ადგილსამყოფელს ხშირად იცვლიან, რის გამოც ამ ქალების პოვნა რთულია", - ამბობს მირზა დინაიი.
მეორე ადამიანი, ვისთანაც BBC-იმ ინტერვიუ ჩაწერა კონტრაბანდისტი აბუ შუია, რომელიც ფულის სანაცვლოდ სირიაში, ტყვეობაში მყოფ ქალებს გაქცევაში ეხმარება.
"ფასი 7 ათასი დოლარიდან იწყება და 15 ათას დოლარამდე ადის. ამ გზით მიღებული ფული ISIS-ის ხელმძღვანელობამდე არ მიდის, ვინაიდან ამას "ისლამური სახელმწიფო" კრძალავს. თუ ISIS-ის წევრი გაიგებს, რომ მისი თანამებრძოლი ქალებს გაქცევაში ეხმარება, რისთვისაც ფულს იღებს, მას მკაცრი სასჯელი ელის", - ამბობს აბუ შუია.
კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ქალებს "ისლამაური სახელმწიფოს" ტერორისტებისგან თავის დახსნაში ეხმარება აქტივისტი ალი ისოა, რომელიც ასევე გერმანიაში ცხოვრობს. ის უარს ამბობს ქალების გათავისუფლების სანაცვლოდ ტერორისტებისთვის ფული გადახდაზე. ერთხელ, როდესაც დატყვევებული ქალების ლოკაციის შესახებ გაიგო, მან სირიაში მდებარე აშშ-ის შტაბს აცნობა.
"მათ ლეგალური საშუალებები აქვთ ამ საქმის გამოსაძიებლად. მათ იციან, რომ ადამიანი, რომელიც შეთავაზებას ავრცელებს ადამიანების უკანონო ვაჭრობაშია ჩართული და ტყვეობაში ჰყავს იეზიდი ქალები, ან მინიმუმ შუამავლები მაინც არიან ამ საქმეში", - ამბობს ალი ისოა.
და ბოლოს, მეოთხე ადამიანის ისტორია, რომელიც ქალთა მონობას ებრძვის ერაყის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები იბრაჰიმ კჰაიროა. მისი თქმით, როდესაც ISIS-ის ტერორისტებმა შეტევა მის სოფელზე მიიყვანეს, მათ ტყვედ წაიყვანეს ოჯახის 9 წევრი.
"ჩემი ბიძაშვილები აქ იყვნენ. ცხრავე მათგანი თავს სახლში აფარებდა. მაგ დღეს ტერორისტებმა 600 ადამიანი აიყვანეს ტყვედ. ჩვენ მატერიალურ საკითხებზე არასდროს ვზრუნავთ. ერთადერთი რაზეც ვოცნებობთ ის არის, რომ ისინი სახლში დაბრუნდნენ", - ამბობს იბრაჰიმ კჰაირო.
ამ ადამიანებმა უკვე შეძლეს ასობით იეზიდი ქალის სიცოცხლის გადარჩენა, თუმცა მუშაობას კვლავ აგრძელებენ. ცნობილია, რომ ისლამური სახელმწიფოს ტყვეობაში დღემდე რჩება 2000-იდან 4000-მდე იეზიდი ქალი.





