imedi
ჩინეთის თავდაცვის უწყება: თუ ვინმე ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას გაბედავს, ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია მტკიცედ დაიცავს ქვეყნის ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას
მსოფლიო

ფოტო: REUTERS
ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკელი სენატორების მიერ ტაივანში სამხედრო თვითმფრინავით განხორციელებული ვიზიტი დაგმო.
6 ივნისს, სამი ამერიკელი სენატორი, ტემი დაქვორსი, დენ სალივანი და კრისტოფერ კუნსი, ტაივანს სამი საათით ეწვივნენ, სადაც ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინგ-ვენს შეხვდნენ და ტაივანისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 750 ათასი დოზის გადაცემა გამოაცხადეს.
„ამერიკელი სენატორები ტაივანს სამხედრო თვითმფრინავით ეწვივნენ. ტაივანის საკითხს პოლიტიკური შოუსთვის იყენებდნენ. მათ ეჭვქვეშ დააყენეს ერთი ჩინეთის პრინციპი და ცდილობდნენ ტაივანის საკითხი ჩინეთის კონტროლისთვის გამოეყენებინათ. ეს იყო ძალზე საძაგელი პოლიტიკური პროვოკაცია“, - ნათქვამია ჩინეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-მა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი სახის ოფიციალური გაცვლა ან სამხედრო ურთიერთობა ტაივანთან.
„თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას, ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია მტკიცედ იბრძოლებს და მტკიცედ დაიცავს ქვეყნის ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადეს ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში.





